ქალები შრომის უსაფრთხოების სადარაჯოზე

28 აპრილი შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, „უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია“* ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრს (CIPE) სურს მიმოიხილოს ის საკითხები, რომელთა გაუმჯობესება მნიშვნელოვანია საქართველოში შრომის უსაფრთხოების სფეროს განვითარებისათვის. საქართველომ დიდი და წარმატებული გზა განვლო 2019-2020 წლის შრომის რეფორმის გატარების შემდგომ. Ამავე დროს, CIPE-ისა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივ “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომის სამართლის აღსრულების გაძლიერებისათვის” პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის შრომის ახალი კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობაში.  შესაბამისად, CIPE-ს სჯერა, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროს დამატებითი განვითარება კიდევ უფრო გააძლიერებს დასაქმებულების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის აღსრულებაში, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

შრომის უსაფრთხოების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა დაეხმარება ქართულ კერძო სექტორს ახალი შრომითი კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებაში. სწორედ ამიტომ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, წარმოგიდგენთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ქალების ისტორიებს, რომლებიც საქართველოში, თავიანთი საქმიანობით,  კერძო სექტორს ეხმარებიან შრომის უსაფრთხოების დაცვაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვასა და განვითარებაში.

ნათია ქარქუზაევი, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, HS Georgia

ნათია ქარქუზაევი უკვე 15 წელზე მეტია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას ემსახურება. იგი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის განმახორციელებელ საწარმოებში უზრუნველყოფს დასაქმებულების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას. ნათიას სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია შენობა-ნაგებობების, გზების, გვირაბების, ხიდებისა და ელექტროფიკაციის ობიექტების მშენებლობასთან.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, ნათიამ თავისი პროფესია ბიზნესად აქცია. იგი ამჟამად ფლობს და წარმატებით მართავს საკუთარ კომპანიას, HS Georgia-ს, რომელიც შრომის უსაფრთხოების კუთხით მრავალმხრივ მომსახურებას სთავაზობს სხვადასხვა სექტორში მომუშავე საწარმოებს. Გარდა ამისა, ნათიას ამჟამად დასაქმებული ჰყავს 9 სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და შესაძლებლობას აძლევს ახალბედა სპეციალისტებს მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოებას ნაკლები ყურადღება ექცეოდა, რის შედეგადაც არაერთმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა დაზიანება, მათ შორის იყო არაერთი ფატალური შედეგი. ზუსტად აღნიშნული გახდა ჩემი მოტივაცია იმისათვის, რათა საკუთარი წვლილი შემეტანა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით“ – ამბობს ნათია.

ნათიას აზრით, შრომის უსაფრთხოების დაცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორისათვის, რადგან დასაქმებულთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პირდაპირ აისახება ბიზნეს საქმიანობის წარმატებაზე, პროდუქტიულობასა და საჯარო რეპუტაციაზე, რაც ასევე დასტურდება შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევით.

ნათია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ქალებს ეფექტური წვდომა ჰქონდეთ იმ პროგრამებზე, კურსებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიის განვითარებას. Მისი აზრით, ქალებმა უნდა ეცადონ კავშირების დამყარება და გაზარდონ თავიანთი ხილვადობა ამ სექტორში. Ნათია მზადაა რჩევისა და მიმართულებების მიცემის გზით დაეხმაროს იმ ქალებს, რომლებსაც სურთ პროფესიული განვითარება შრომის უსაფრთხოების სფეროში.

ქეთევან სულაქველიძე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, გერგილი HSE

ქეთევან სულაქველიძე 2019 წლიდან მუშაობს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტად გერგილი HSE-ში.  ის ამ სფეროთი დაინტერესდა მაშინ, როცა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობდა, რომელიც “შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის აღსრულების გამოწვევების შეფასებას შეეხებოდა. ამჟამად ქეთევანი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისდაცვას ემსახურება ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: მშენებლობა, მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა და მომსახურება.

შრომის უსაფრთხოების თემა იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენდა საქართველოში, შესაბამისად ამ სიახლის მიმართ გამიჩნდა ინტერესი. ნაშრომზე მუშაობისას მოვიძიე და გავეცანი როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებას. შევხვდი ამ მიმართულებით მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. აღნიშნულმა ჩამომიყალიბა მისწრაფება იმისა, რომ საქმიანობა გამეგრძელებინა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.” – ამბობს ქეთევანი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შრომის უსაფრთხოება შედარებით ახალი სფეროა, ქეთევანის აზრით, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის აღსრულება მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ამ კუთხით ის ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციის ნაკლებობაზე და ხაზს უსვამს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას როგორც დამსაქმებლებისათვის, ასევე დასაქმებულებისთვისაც. გარდა ამისა, ქეთევანი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემაში, საბაზისო დონეზე შრომის უსაფრთხოების თემის აქტუალიზაცია. Მაგალითად, ქეთევანის აზრით, მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ არაფორმალური განათლების ტექნიკები, როგორიცაა ვიდეობი და ილუსტრაციები, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას. Რადგან მოსწავლეები შრომით ბაზარს უერთდებიან სკოლის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანია ისინი ფლობდნენ შრომის უსაფრთხოების შესახებ საბაზისო ინფორმაციას, ამბობს ქეთევანი. Რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ქეთევანის აზრით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგნები ხელმისაწვდომი უნდა იყოს იმ სტუდენტებისთვის, რომელთა პროფესიული არჩევანი დაკავშირებული იქნება მაღალი რისკის შემცველ სამუშაოებთან, მაგალითად: ინჟინერია, ბიოქიმია, არქიტექტურა და ა.შ.

ქეთევანმა შრომის უსაფრთხოების თემაზე გამართა საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

როგორც ქეთევანი განმარტავს, შრომის უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფს კერძო სექტორის მდგრადობასა და წარმატებას.

როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ვისურვებდი კერძო სექტორის მეტ ჩართულობასა და დაინტერესებას, რადგან შეუძლებელია დამსაქმებლისა და დასაქმებულის ერთობლივი მხარდაჭერის გარეშე, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და კონტროლი.” – ამბობს ქეთევანი.

ქეთევანი ამაყობს საკუთარი პროფესიით და სურს, რომ საქართველოში ხელი შეეწყოს  ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას შრომის უსაფრთხოების სფეროში. Მისი აზრით, ამის მიღწევა შესაძლებელია ქალების ინფორმირებით, გაძლიერებითა და მოტივირებით. Რადგან შრომის უსაფრთხოება ტრადიციულად მამაკაცების პროფესიად აღიქმებოდა, ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მათაც შეუძლიათ ამ სფეროში თავიანთი კარიერის განვითარება. ქეთევანი თავად იყო ჩართული მსგავს პროექტებში. მაგალითად, იგი მონაწილეობდა “HSE FOR SHE” პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სფეროში რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებასა და ჩართულობას.

CIPE და სოლიდარობის ცენტრი წარმატებას უსურვებს საქართველოში მოღვაწე თითოეულ ქალ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტსა და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც წვლილი შეაქვს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვასა და კანონმდებლობის ეფექტურ აღსრულებაში.

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი საქართველოში შრომით კანონმდებლობასა და შრომის უსაფრთხოებაზე, შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს “უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევნია.” გარდა ამისა, ეწვიეთ CIPE Europe & Eurasia-ის Facebook, Twitter და LinkedIn გვერდებს და გამოიწერეთ ბიულეტენი.

 

 

 

 

 

 

 

* ”უსაფრთხო ბიზნესი თქვენი არჩევანია” წარმოადგენს აშშ-ის შრომის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომის სამართლის აღსრულების გაძლიერებისათვის” პროექტის ნაწილს, რომელსაც საქართველოში ერთობლივად ახორციელებენ CIPE და სოლიდარობის ცენტრი. დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან მიმართებით. პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით, რაც შეადგენს 580,000 დოლარს. აღნიშნული ფაქტი აუცილებლად არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან უპირობო მხარდაჭერას.

Published Date: April 26, 2022